ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-07-07 13:15:31

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ“ კომპანია „სინერჯი კაპიტალსა“ და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს კორპორაციის მიერ დაფინანსებულ მეორე კომპაქტს, რომლის ამოცანას წარმოადგენს კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარება საქართველოში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური განათლების ხელშეწყობის გზით.

სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, კომპანია „სინერჯი კაპიტალსა“ და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რათა შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტური კვალიფიციური სამუშაო ძალის პირობებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა.

როგორც მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები აცხადებენ, მემორანდუმი შესაძლებლობას მისცემს მათ, განავითარონ ადამიანური კაპიტალი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით; სტაჟირებისა და სამუშაო პრაქტიკის გავლის გზით და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, გადაამზადონ კადრები; გააღრმავონ კერძო-საჯარო პარტნიორობა და ურთიერთთანამშრომლობა პროფესიული კადრების მომზადების მიზნით; უზრუნველყონ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მოკლევადიანი სტაჟირება და შემდგომი დასაქმება.

აღსანიშნავია, რომ მხარეები, თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, განახორცილებენ კომპაქტით დაფინანსებული უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტთა სწავლებას, გადამზადებას და სტაჟირებას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

როგორც კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიები, რომლებთანაც „სინერჯი კაპიტალი“ მუშაობს, ახალი სამუშაო ადგილების თითქმის 80 პროცენტს ქმნის, ამიტომ ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ თუ წარმატებულ კომპანიებს მოძებნიან, დიდი დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად კერძო სექტორში, უნივერსიტეტებსა და რეალურ სექტორს შორის თანამშრომლობა. ჩვენი კომპანია „სინერჯი კაპიტალი“ ოპერირებს სწორედ რეალური სექტორის მიმართულებით. ან დრომდე, პირველ 6 თვეში ჩვენ 10 შვილობილი კომპანია გვყავს და წლის ბოლომდე კიდევ 10 შვილობილი კომპანიის დამატებას ვაპირებთ, ხოლო შემდგომ 4 წელიწადში ჩვენი გეგმების მიხედვით 75-მდე კომპანია უნდა იყოს პორტფელში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური ადამიანი დაგვჭირდება ამ კომპანიების სწრაფად გასაზრდელად. "სინერჯი კაპირალის" მისიაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მზარდი მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიები მოძებნოს ბაზარზე და დაეხმაროს მათ ზრდაში, ანუ რამდენიმეჯერ გაიზარდონ, შესაბამისად, ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნილება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. ამავდროულად, STEM-ის მიმართულებით, ანუ ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების, ასევე, ინჟინრების მიმართულებით მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია და სწორედ ამ მემორანდუმზე ვაწერთ ჩვენ დღეს ხელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსთან და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომ მათი წარმატებული კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას და შემდგომ ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა როგორც ჩვენ კომპანიაში, ასევე ჩვენს შვილობილ კომპანიებში. კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ქმნიან ახალი სამუშაო ადგილების თითქმის 80 პროცენტს, ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ წარმატებულ კომპანიებს მოვძებნით, ძალიან დიდი დასაქმების შესაძლებლობა გვექნება",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, როგორც ქუმსიშვილი აცხადებს, ასეთი კომპანიები საქართველოში არის, თუმცა, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ

"კვლევები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ასევე მოპოვებული გვაქვს IFC-ს კვლევები, ყოველწლიურად, თითქმის 300 მილიონი დოლარის ნაკლებობაა მარტო კაპიტალის მიმართულებით და გარდა კაპიტალისა, რა თქმა უნდა, ბარიერები არის ცოდნა და გამოცდილება. სწორედ ეს არის ის კომპლექსური მიმართულება და შეთავაზება, რომელიც ჩვენ კომპანიას გააჩნია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე აღნიშნავს, რომ მემორანდუმის ფარგლებში სტაჟირების გავლა და დასაქმება 2000-ს სტუდენტს და კურსდამთავრებულს შეეძლება.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, „სინერჯი კაპიტალის“ მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა კერძო კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა, სტაჟირება გაატარონ და დაასაქმონ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ჩვენ საუბარი გვაქვს, როგორც სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე და კურსდამთავრებულებზე, ასევე ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში შექმნილი 51 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებზე და კურსდამთავრებულებზე. ადამიანური კაპიტალი და განათლებული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტები მნიშვნელოვანია დღეს კერძო სექტორისთვის და საქართველოს ბიზნესის კონკურენტუნარიანობას გაზრდისთვის. „სინერჯი კაპიტალში“ რამდენიმე კომპანიაა გაერთიანებული, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ბენეფიციარები და კურსდამთავრებულები 2000-ს აღემატება. ეს არის სპეციალისტების და კადრების დიდი არმია, რომლებმაც შეიძლება სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საქართველოს სხვადასხვა ბიზნესში",- განაცხადა მაღრაძემ.

ხელმოწერის საზეიმო ღონისძიებას: მაგდა მაღრაძე, დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

synergy capital 0322 437 000