ხანძთელის ფონდმა და სახალხო აფთიაქმა  არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება დააფუძნეს
კატეგორია: სიახლე / თარიღი: 2019-07-07 13:10:54

ხანძთელის ფონდმა და სახალხო აფთიაქმა არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება დააფუძნეს

ხანძთელის ფონდმა და სახალხო აფთიაქმა ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება დააფუძნეს. კომპანია სინერჯი კაპიტალის ინფორმაციით, ორგანიზაციის მიზანია, გააერთიანოს საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებიც დაამუშავებენ სპეციალურ პროგრამებს და თავადვე განახორციელებენ მათ.

საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებაში საპენსიო ასაკის ადამიანების რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება, უკვე შემდგომ კი მოხდება პენსიონერების ჩართვა სპეციალური ზრუნვის პროგრამებში.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, ორგანიზაციის შექმნის მიზეზი გახდა საპენსიო ასაკის ადამიანებზე ზრუნვა.

სახალხო აფთიაქი საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების სტრატეგიული დონორია, რომელიც გარდა სააფთიაქო დანიშნულებით მხარდაჭერისა, დაეხმარება ორგანიზაციას ძირითადი მმართველი გუნდის და რეგიონალური საკოორდინატორო ქსელის ჩამოყალიბებაში. სახალხო აფთიაქი ასევე დააფინანსებს პენსიონრებზე ორიენტირებულ პროექტებს, მისცემს საშუალებას მისი რეგიონალური ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 60 აფთიაქს ითვლის, გამოიყენოს პენსიონრებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, მათი საჭიროებების გასარკვევად და თავშეყრის ადგილებად.

ხანძთელის ფონდი საქველმოქმედო და განვითარების ორგანიზაციაა, რომელიც მუდმივად ეძებს და ავითარებს ისეთ თემებს, რომელთაც განსაკუთრებული ღირებულების შექმნა შეუძლიათ საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.

სახალხო აფთიაქისთვის კი, თავის მხრივ პენსიონრები ძვირფასი და ძირითადი სეგმენტია. ამ სეგმენტს განსაკუთრებით სჭირდება ყურადღება, მზრუნველობა და ხელშეწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სეგმენტი მნიშვნელოვანია სახალხო აფთიაქისთვის, ის მზადაა, რომ პენსიონერებისთვის სხვა ღირებულებაც შექმნას, რომელიც შეიძლება აფთიაქს საერთოდ არ უკავშირდებოდეს. ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დანიშნულება კი იქნება ის, რომ პენსიონერებს უფრო ხანგრძლივი და სახალისო ცხოვრება ჰქონდეთ, დაამუშავონ ამ მიმართულებით პროექტები, იპოვონ პარტნიორები და განახორციელონ, - განაცხადეს საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების დამფუძნებლებმა.

synergy capital 0322 437 000